Home საინტერესო რატომ არ შეიძლება ცხელი სასმლის დალევისას ფინჯანში კოვზის ჩატოვება

რატომ არ შეიძლება ცხელი სასმლის დალევისას ფინჯანში კოვზის ჩატოვება

37 views

სამზარეულოში არსებული ჩვეულებები სიბრძნეა თუ ცრურწმენა? სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოველდღე დიდ დროს ვატარებთ, ამასთან, ჩვენი ჯანმრთელობა საკვების ხარისხზე პირდაპირაა დამოკიდებული.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ საკვების მომზადებასა და მოხმარებასთან დაკავშირებით ხალხში არაერთი წარმოდგენა შეიქმნა. ზოგიერთი მათგანის შესახებ ადრეც გვისაუბრია, დღევანდელ სტატიაში კი ჩაის კოვზთან დაკავშირებულ ჩვეულებებს განვიხილავთ.

სამზარეულოს ჩვეულებები

1. რატომ არ შეიძლება ფინჯანში კოვზის დატოვება

უპირველეს ყოვლისა, ამას ჩაის სმის ეტიკეტი კრძალავს. მისი წესების მიხედვით, შაქრის მორევის შემდეგ, კოვზის ამოღება და ლამბაქზე დადებაა საჭირო.

თუ ეტიკეტის დარღვევა მხოლოდ ინგლისის დედოფალთან ვიზიტის დროს შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს, ხალხური ცრუწმენების მიხედვით, ტრადიციის დარღვევა უარყოფით შედეგებს გამოიღებს.

ჩვენი წინაპრები მეტალის კოვზს ჯადოსნურ ძალას მიაწერდნენ. მათ სჯეროდათ, რომ კოვზით გავლით სასმელში ბოროტი სულები აღწევდნენ. ითვლებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩაიში კოვზს რეგულარულად ტოვებდნენ, ავადმყოფობებსა და სხვა უსიამოვნებებს მიიღებდნენ.

განსაკუთრებული სიფრთხილე ახალგაზრდა გოგონებს მართებდათ, რადგანაც ფინჯანში კოვზის ჩატოვებას საყვარელ ადამიანთან განშორებას უკავშირებდნენ. ხოლო, თუ ეს ჩვევაში გადაუვიდოდათ, მათ შინაბერობა ან წარუმატებელი ქორწინება ელოდათ.

არც დაქორწინებულები უნდა მოდუნდნენ, რადგანაც კოვზის ჩაიში ჩატოვება მათ ოჯახში ხშირ ჩხუბს მოიტანს და, შესაძლოა, საქმე განქორწინებამდეც კი მივიდეს.

ხოლო თუ ფინჯნიდან მასში ჩატოვებული კოვზის გამო ჩაი გადმოიღვრება, პრობლემებს უნდა ელოდოთ. ითვლება, რომ გადმოღვრილ სასმელთან ერთად ბედნიერება მიდის, სიღარიბესა და იმედგაცრუებას კი კარი ეღება.

კოვზთან დაკავშირებული ცრურწმენები

კოვზთან დაკავშირებული ცრურწმენები მხოლოდ უსიამოვნო მოვლენებს არ მოასწავებს. ინგლისელები იღბლიანებზე ტყუილიად კი არ ამბობენ, პირში ვერცხლის კოვზით დაიბადაო. მართლაც, ვერცხლის ჭურჭელი არა მხოლოდ ოჯახის ფინანსურ სიძლიერეზე მიუთითებს, არამედ მას უნიკალური ბაქტერიციდული უნარი გააჩნია.

რუსეთში მიღებული იყო ბავშვისთვის ვერცხლის კოვზის ჩუქება, პირველივე კბილის ამოსვლის შემდეგ. თუ მას პირველ კბილს შეახებდნენ, ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ პატარას ყველა სხვა კბილი ჯანსაღი ექნებოდა. სწავლის დაწყებისას დესერტის კოვზის ჩუქების ტრადიციაც არსებობდა, ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სუფრისას ჩუქნიდნენ.

ერთ თეფშზე ორი კოვზი ქორწილის მაუწყებელია. ხის მოხატული კოვზის ჩუქება კი ახალქორწინებულთათვის იყო მიღებული. მას მკითხაობისას იყენებდნენ, რათა ბავშვის სქესი გაეგოთ. ორსული კოვზს მხრის უკან ისვრიდა, თუ ის ამობურცული მხარით ზემოთ დაეცემოდა, მაშინ ვაჟს ელოდნენ, ხოლო თუ პირიქით – გოგონას.

ჩვეულებათა თანახმად, კოვზის მეზობლისთვის თხოვება არ შეიძლება. ითვლება, რომ კოვზთან ერთად მეზობელი ოჯახის უარყოფითი ენერგეტიკა და უსიამოვნებებიც დაგიბრუნდებათ. გარეცხვაც არ უშველის. თუ კოვზი სხვის სახლში მოხვდა, უმჯობესია, ის დაივიწყოთ.

ყველამ იცის, რომ დავარდნილი კოვზი სტუმრების მოსვლას გვაუწყებს. თუ მათი მოსვლისთვის მზად არ ხართ, კოვზით მაგიდაზე დააკაკუნეთ. ეს დაუპატიჟებელ სტუმრებს შუა გზიდან გააბრუნებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ხრიკის ბოროტად გამოყენება არ ღირს. მაგიდაზე დაკაკუნება შესაძლოა მეუღლეებს შორის ჩხუბის გამომწვევი გახდეს.

თქვენ რომელი ცრურწმენები გაგიგიათ, კოვზთან დაკავშირებით?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე