„გავშეშდი, დათვი ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა….” – მამა იოაკიმესთან დაკავშრებული ამბები

by თ თოქმაძე
14 views

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაკეტილი ქართული ეკლესიები გახსნილა, ამოქმედებულა ილორის წმინდა გიორგის ტაძარიც. ილორელებმა შეძლეს გადაერჩინათ ვერცხლით მოპერანგებული ჭედური წმინდა გიორგისა და წმინდა მთავარანგელოზთა სასწაულმოქმედი ხატები.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია არქიმანდრიტმა იოაკიმემ (შენგელაია) ააღორძინა. მედავითნე კალისტრატე ფიფია ჰყვებოდა მამა იოაკიმეზე, – ხელთ ყოველთვის ლოცვანი ეპყრა და ყოველ თავისუფალ დროს კელიის წინ, ეზოში იქნებოდა თუ ეკლესიაში, კითხულობდაო.

აფხაზეთის მთებში მოსაგრე ქართველ მამებს მამა იოაკიმე შენგელაია (1954 წ) აკითხავდა. გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, ვინ მიხედავს ამ ბერებსო. მოუგროვებია სურსათი და გასდგომია გზას საიდუმლო გამოქვაბულისაკენ. მიარღვევს თურმე გაჭირვებით თოვლს. ამ დროს ტყიდან მისკენ დათვი წამოსულა.

„გავშეშდი, – უთქვამს მამა იოაკიმეს, – დავხუჭე თვალები – ალბათ, ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. დათვი ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. მელოდა, მელოდა და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა, – რას შვრები, რატომ არ მოდიხარო.

მივხვდი, რომ ღვთისგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით დაეშვა ქვემოთ. შევედი ბერებთან, ფერი არ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? – მკითხეს ღიმილით”.

ერთხელ მორწმუნემ, სახელად თამარმა, მეუდაბნოე მამებთან ნობათი და მოსახსენებელი გაატანა. მიაწოდა ბერებს მოსახსენებელი, მათაც ლოცვებში მოიხსენიეს. უკან რომ დაუბრუნეს, თამარი ცოცხლების სიიდან ამოეშალათ და მიცვალებულებში ჩაეწერათ. ილორში დაბრუნებულ მოძღვარს თამარი გარდაცვლილი დახვდა.

მამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და უფროსს მიუყვანეს. ბიჭები დუმდნენ. უფროსმა მათი დაპატიმრება ბრძანა. იმავე ღამეს მილიციის უფროსი მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა ლოგინად ჩააგდო. უეცრად ხილვით სადღაც, მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო, – ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით და ვლოცულობთო, – უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი! ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ: “თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გამოუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო”. მართლაც, გონს მოსვლისთანავე უბრძანებია დაჭერილთა გაშვება და განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო…

არქიმანდრიტი იოაკიმე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა: ილორის ეკლესიის მრევლის წევრმა სიკვდილის წინ წმინდა ზიარების მიღება ითხოვა. მის ნათესავებს მამა იოაკიმე ავადმყოფი დახვდათ – ფილტვების ანთება ჰქონდა, მეორე მღვდელი შინ არ დახვდათ. მამა იოაკიმემ – მოვალე ვარო და სარეცლიდან წამოდგა. ყური არ დაუგდო ახლობელთა თხოვნას – სიკვდილი კი არ უცდის კაცს, არამედ კაცი ელის სიკვდილს, და თუ ავადმყოფი აღსარება-ზიარების გარეშე მოკვდება, მაშინ მისი სისხლი ჩემზე იქნებაო და გზას გაუდგა. კოკისპირულ წვიმებს მდინარე აედიდებინა და ხიდიც წაეღო. არქიმანდრიტმა ფონი მოძებნა და გაყინულ წყალში შევიდა. ერთიანად გალუმპული მიუყვებოდა გზას. ავადმყოფის ზიარების შემდეგ დაბრუნდა ილორის ტაძარში, სანაწილე წმინდა ტრაპეზზე დადო, ჩაწვა ლოგინში და აღარც წამომდგარა. აღასრულა მცნება ღმრთისა: “უფროის ამისა სიყვარული არავის აქუს, რათა სული თვისი დადვას მეგობართათვის” (იოანე 15,13).

ეს ღირსი მეუდაბნოე მამები მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ პატრონობდნენ მათხოჯის დედათა მონასტერს. ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ჰყვებოდა: საღამოხანი იყო, მონასტერს სამი გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცი მოადგა. ერთ მათგანს ფეხსაცმელების ნაცვლად ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლახაკები მეგონა და ძალიან გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება.

დედა იღუმენიამ მუხლი მოუდრიკა მათ და კურთხევა ითხოვა, დიდი პატივით მიესალმნენ სხვა დედებიც. ერთი მათგანი მივიდა ეკლესიის კარებთან, ჯვარი გადასახა და ის თავისით გაიღო, არადა, დაკეტილი იყო და გასაღები მე მქონდა.

შევიდნენ ეკლესიაში და ათონიდან მათხოჯში გამოგზავნილი ღვთისმშობლის “ღირს არსის” ხატი მოილოცეს. შემდეგ ერთი მათგანი უსიტყვოდ შევიდა საკურთხეველში, შეიმოსა სამღვდლოდ და მწუხრ-ცისკრის ლოცვა დაიწყო. დაღამდა, ჩამობნელდა. სასწაული ის იყო, რომ ერთი სანთელიც არ აგვინთია, ტაძარი კაშკაშებდა. მწუხრ-ცისკარს წირვა მოჰყვა. რა თქმა უნდა, დედებიც აზიარეს. როცა ის სამღვდლოდ შემოსილი გამოვიდა ბარძიმით დიდი გამოსვლისას და მოხსენიება დაიწყო, დანარჩენ ორს ამბიონის წინ მუხლი მოედრიკა და ხელაპყრობილი ღაღადებდა: “ღმერთო, უშველე საქართველოს, ღმერთო, მოხედე საქართველოს…”

დიახ, დანო და ძმანო, ჩვენი მეუდაბნოე მამა-დედათა ლოცვით ფეხზე დგას საქართველო.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე