ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სახელწიფოსგან ბინას – კრიტერიუმებზე, ლოკაციებსა და პირობებზე ირაკლი მხეიძე გვიყვება

by თ თოქმაძე
443 views

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს დაუბრუნდა. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

ახალი სოციალური პროექტების დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს დაუკავშირდა.

როგორც მხეიძე განმარტავს, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დევნილთა განსახლების მიმართულება. საქართველოს 5 ქალაქში 7 000 ბინას აშენდება. მშენებლობა 2023 წლიდან დაიწყება და 2025 წლამდე გასტანს.

„ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დევნილთა განსახლების მიმართულება. ტენდერები ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოცხადებულია და მალე გამოქვეყნდება შესაბამისი გამარჯვებული კომპანიებიც, რომლებიც საქართველოს 5 ქალაქში 7 000 ბინას აგვიშენებენ. მშენებლობა 2023 წლიდან დაიწყება და 2025 წლამდე გასტანს.

თბილისში 3 000 ბინა აშენდება, რუსთავში – 800, ბორჯომში – 150, ქუთაისში – 720, ხოლო ზუგდიდში 1700 ახალი ბინა აშენდება. ასეთი მასშტაბი დევნილების განსახლების მიმართულებით არასდროს ყოფილა, ასეთი მასშტაბური ღონისძიება მშენებლობის მიმართულებით პირველად ხდება. ამის პარალელურად, ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო პროგრამას, ასევე დევნილთა განსახლების მიმართულებით, რომელსაც ჰქვია „სოფლად სახლის“ პროგრამა“,- განაცხადა მხეიძემ.

ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ასევე საუბრობს დევნილი ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამაზე.

მისი თქმით, 7 000 სახლის პარალელურად, მომდევნო 3 წელში იგეგმება დევნილი ოჯახებისთვის 6 000 „სოფლად სახლის“ შესყიდვას.

„შემიძლია სტატისტიკაც მოგიყვანოთ, თუ როგორი მოთხოვნადი და პოპულარულია – მიმდინარე წელს, ნოემბრის 25-მდე ჩვენ დევნილი ოჯახებისთვის უკვე შესყიდული გვაქვს 2200 „სოფლად სახლი“ და კიდევ დამატებით, წლის ბოლომდე 400 ბინის შესყიდვას ვგეგმავთ. რეალურად, ჩვენი მიზანი წელს 2000 „სოფლად სახლის“ შესყიდვა იყო, მაგრამ წლის ბოლოს 2600 შესყიდული სახლი გვექნება, რაც საგრძნობლად აღემატება დაგეგმილს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორივე კომპონენტში, ჯამში, ამ სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 9 000 მილიონი ლარი, აქედან 7 მილიონ ლარამდე იქნება უშუალოდ ამ 7 000 ბინის მშენებლობისთვის გათვალისწინებული, ხოლო 2 000 მილიონი ლარი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს 6 000 სახლის შესყიდვას. 

რატომ მოხდა ამ მასშტაბური გეგმის შემუშავება – მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 400 ობიექტია, ე.წ კომპაქტურად დასახლებული, სადაც დღემდე ცხოვრობს ჩვენი დევნილი მოსახლეობა და 2025 წლის ბოლოს საქართველოში არც ერთი კომპაქტურად დასახლებული ობიექტი აღარ იარსებებს, მით უფრო, ნგრევადი.
იცით, რომ ჩვენ სახლებს დასრულებულ, გარემონტებულ კონდიციაში გადავცემთ, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება და ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საცხოვრებელ პირობებს ელოდებიან, ჩვენ ქვეყანაში სრულად დავხურავთ ყველა ტიპის დასახლებას. ზუსტად აქედან გამოვედით – აქ გათვალისწინებულია ის ოჯახები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ განსახლება“,- განაცხადა მხეიძემ.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ დევნილები, რომ აღნიშნული პროექტით ისარგებლონ?

იცით, რომ შესაბამისი კომისიები არსებობს და ჩვენს ამას დევნილ ოჯახებს ვუსაბამებთ. დაახლოებით, 15-მდე კრიტერიუმი მოქმედებს, რომელსაც ქვე კრიტერიუმებიც აქვს. მაგალითად მოგიყვანთ რამდენიმეს: პირი უნდა იყოს ასაკით პენსიონერი, მარტოხელა მშობელი, შშმ პირი, ონკოლოგიური ავადმყოფი. დევნილის სტატუსი უკვე ნიშნავს ქულას, შესაბამისად, ეს ქულაც ემატება. ქულებით გარკვეული ჯამი იქმნება და შესაბამისად, ქულა, რომელიც ყველაზე მაღალია, ნიშნავს, რომ კონკრეტული ოჯახი ყველაზე მოწყვლადია.

„სოფლად სახლის“ პროგრამაში ჩართულობა მინიმალური ქულიდანაც შესაძლებელია, მაგალითად, ერთი ქულიდანაც. ავტომატურად ნიშნავს, რომ დევნილია და დევნილობას აქვს ქულა, შესაბამისად, ამ ქულიდან გამომდინარეც, მათ შეუძლიათ მოგვმართონ.

„სოფლად სახლის“ პირობებში რატომ არის კარგი სახლის შესყიდვა, ამას ხაზს ვუსვამ – ფაქტობრივად, ყოველთვიურად გვაქვს კომისიები, ყოველდღიურად მოგვმართავენ. ჩვენს დევნილ მოსახლეობას საქართველოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლია განაცხადის დაწერა. თავად ირჩევენ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე მათთვის სასურველ ფილიალს. იცით, რომ ამ სახლებს გარკვეული მიწის ნაკვეთებიც ახლავს თან. ეს ჩვენს დევნილებს ძალიან მოსწონთ, რადგან მიწაზე გარკვეული საქმიანობის წარმოება შეუძლიათ და გარკვეული შემოსავალიც მიიღონ. 

ჩვენ პარალელურად ასევე ვახორციელებთ უკვე განსახლებული დევნილებისთვის საარსებო წყაროების მიმართულებით ხელშეწყობას – მაგალითად, მიწის დამუშავებისთვის მინი ტრაქტორების პროგრამა გვაქვს, რომელსაც გადავცემთ. ხელს ვუწყობთ მათ დამკვიდრებას. 

კი ჰქვია „სოფლად სახლის“ პროგრამა, მაგრამ არ ზღუდავს არც ერთ ქალაქში, მათ შორის თბილისში ბინის წარმოდგენას და ჩვენ შესაბამისი კრიტერიუმების გავლის შემდეგ, თუ დააკმაყოფილებს დევნილი ოჯახი, ჩვენ მყისიერად შევუსყიდით. ამი ნათელი მაგალითია, რომ წელს უკვე 2200-ზე მეტი გვაქვს შესყიდული და დამატებით 400 სახლის შესყიდვა წლის ბოლომდე მოხდება“,- განაცხადა ირაკლი მხეიძემ. 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე