როგორ ავიღოთ და გადავაადგილოთ სიმძიმეები სწორად

by თ თოქმაძე
194 views

სიმძიმეების აწევამ და გადაადგილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვითშეგრძნების გაუარესებას ან პირიქით, მის გაუმჯობესებას. ზედმეტად მძიმე ტვირთმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანის ზურგს, თუ სიმძიმეებს გარკვეული წესების დაცვის გარეშე ასწევს და გადააადგილებს.

თუმცა, თუ სპეციალისტების რეკომენდაციებს დაიცავთ და დატვირთვას ორგანიზმზე თანაბრად გადაანაწილებთ, შესაძლოა, პირიქით, ზურგის კუნთები გააძლიეროთ და თავი დაიცვათ ხერხემლის სხვადასხვა სახის დაზიანებისგან.

ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ რეკომენდაციები სიმძიმის ასაწევად და გადასაადგილებლად, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ გაიმაგროთ წელი და ზურგის კუნთები საშინაო პირობებში, ასევე საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მძიმე ტვირთის გადაზიდვის პროცესს.

სიმძიმეების გადაადგილება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, პლანეტის დაახლოებით ყოველ მესამე მცხოვრებს აწუხებს ტკივილი სიმძიმეების გადატანის შემდეგ, რაც ხერხემლის დაავადების არსებობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ზოგადი შრომისუნარიანობა სწრაფად მცირდება. უფრო მეტიც, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელი ადამიანის ხერხემალს 400 კგ და უფრო მეტი სიმძიმის ატანა შეუძლია, თუ დატვირთვას სხეულზე სწორად გადავანაწილებთ.

რეკომენდაციები სიმძიმეების გადაადგილების დროს

თუკი რაიმე მძიმე ტვირთის აწევას აპირებთ, ჩაიცუცქეთ და ახლოს მიიტანეთ საგანი, რომლის აწევასაც აპირებთ, ამასთან ზურგი გამართულ მდგომარეობაში გქონდეთ.

ადამიანების უმრავლესობის შეცდომა ის არის, რომ ისინი მძიმე ტვირთს ფეხებ-გამართული, მაგრამ ამასთან მოხრილი ზურგით წევენ. ამის გამო, წელის არეში მალთაშორის დისკზე დატვირთვა ათჯერ იზრდება.

სიმძიმე სხეულთან მაქსიმალურად ახლოს გეჭიროთ. სიმძიმის ცენტრის სხეულთან მიახლოებით, თქვენ უფრო გიადვილდებათ ზურგის გამართულ პოზიციაში შენარჩუნება.

იმისთვის, რომ მძიმე საგანი აუღებლად გადააადგილოთ სიბრტყეზე, სჯობს წინ მიაწვეთ, ვიდრე თქვენკენ მოქაჩოთ.

მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს სიმძიმეების გადაადგილებისას.

ზოგს ჰგონია, რომ ყველა შენაძენის ერთ პარკში ჩაწყობაა უკეთესი ან ნივთების ერთ დიდ ჩემოდანში ჩალაგება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად უფრო მოსახერხებელია ერთი ხელი თავისუფალი გქონდეთ. თუმცა, ამ გზით მძიმე საგნების გადაადგილება ასევე ვნებს ხერხემალს. ამიტომ ნუ დაიზარებთ ტვირთის წონის თანაბრად გადანაწილებას. ეს ეხება როგორც მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებს, ისე საჭირო ნივთების გადასაზიდ ჩანთას.

მძიმე ჩანთები მხოლოდ ერთ მხარზე არ გადაიკიდოთ. საუკეთესო ალტერნატივაა მოსახერხებელი ზურგჩანთა ან გორგოლაჭებიანი ჩანთა.

ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეთ რეგულარული ვარჯიში და ზურგის გამაგრება. ხერხემლის ტკივილისთვის საუკეთესო პროფილაქტიკა ცურვა, სირბილი და ველოსიპედის ტარებაა. სწრაფი ნაბიჯებით ჩვეულებრივი გასეირნებაც კი დაგეხმარებათ კუნთების გაძლიერებაში.

სავარჯიშოები ზურგის გასაძლიერებლად

  1. ზურგით კედელს მიეყრდენით ისე, რომ კედელს ბეჭებიც და წელიც ეხებოდეს. ტერფები კედლისგან 30 სმ-ის დაშორებით დადგით, ხელის გულები შეაბრუნეთ და ხელები მოადუნეთ. შემდეგ ნელა ჩაჯექით კედელთან, სანამ ბარძაყები იატაკის პარალელურად არ გათანაბრდება. გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ ნელ-ნელა ადექით, მაგრამ ზურგი კედელს არ მოაშოროთ.
  2. იატაკზე დაწექით, ზურგით კარგად მიეყრდენით და ფეხები მოხრილ მდგომარეობაში გააჩერეთ. ერთი ფეხი ისე აწიეთ, რომ წვივი იატაკის პარალელურად იყოს, ქუსლი კი დაჭიმული გქონდეთ. ამ ფეხით ნელი წრიული მოძრაობები შეასრულეთ. ათი წამის შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.

შეეცადეთ სავარჯიშოები მაქსიმალურად ხშირად გააკეთოთ. და, რა თქმა უნდა, ნუ მოგერიდებათ ვინმესთვის დახმარების თხოვნა მძიმე ტვირთის გადასაადგილებლად, თუ ტვირთი თქვენთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდება.

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე