რომელი წესები უნდა დავიცვათ, როცა ბავშვს ფრჩხილებს ვაჭრით

by admin
12 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ფრჩხილი კანის გარქოვანებული ნაწილია. ახალშობილს თითის ფალანგები ფრჩხილებით აქვს დაფარული. თუ ფრჩხილები ბოლომდე ვერ ფარავს თითებს, ეს ბავშვის უმწიფრობაზე, დღენაკლულობაზე მიუთითებს.

ზოგიერთი ახალშობილი ძალიან გრძელი ფრჩხილებით იბადება. ისინი მაშინვე უნდა დავაჭრათ, რათა პატარამ სხეული არ დაიკაწროს. ჩვილებს ხელის თითებზე ფრჩხილები კვირაში ერთი-ორჯერ უნდა დავაჭრათ (გააჩნია მათი ზრდის ინტენსიურობას), ხოლო ფეხებზე – კვირაში ერთხელ, რადგან ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ხელისა.

საერთოდ, ბავშვებს ფრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ და თუ დროზე არ დავაჭერით, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, სახე დაიკაწრონ, მათ ქვეშ ჭუჭყი დაგროვდება, ეს უკანასკნელი კი ინფექციისა და ჭიებით ინვაზიის წყაროა – პატარებს ხომ ძალიან უყვართ თითების ლოღნა, განსაკუთრებით – კბილების ამოჭრის პერიოდში, 4 თვიდან, 2-3 წლიდან კი, როცა ქვიშაში თამაშს იწყებენ, ჭუჭყი დაჭრილი ფრჩხილების ქვეშაც გროვდება, ამიტომ ხელების დაბანის შემდეგ საჭიროა ფრჩხილების გასუფთავება. საამისოდ გამოგადგებათ ჩხირზე წამოცმული ბამბა ან ნესესერის ქლიბის წვერი. ფრჩხილების სწორ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჰიგიენის თვალსაზრისით, ასევე იმისთვის, რომ ბავშვს პატარაობიდანვე გამოვუმუშაოთ მათი მოვლის ჩვევა.

ფრჩხილების მოჭრის წესები

არსებობს წესები, რომლებიც ფრჩხილების მოჭრისას უნდა დავიცვათ . მათი ცოდნა აუცილებელია, რათა ბავშვს ამ პროცედურის დროს კანი არ დავუზიანოთ. ჩვილს ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ღრმა ძილის დროს, როცა ხელები მოდუნებულია, თითები – გაშლილი. ფრჩხილების დაჭრა სასურველია ბანაობის შემდეგ. ცხელი წყალი არბილებს ფრჩხილებს და მათ მოჭრას აადვილებს. პროცედურისთვის უნდა გამოვიყენოთ მომრგვალებული, გლუვპირიანი პატარა მაკრატელი. იგი წინასწარ გაწმინდეთ სპირტიანი ბამბით. შეეცადეთ, მაკრატელი მხოლოდ ბავშვისთვის გამოიყენოთ. კანი რომ არ დაზიანდეს, პატარას თითის ბალიშებს ქვემოდან თქვენი თითი მიაჭირეთ – ასე ფრჩხილი უკეთ გამოჩნდება და დაშორდება ქვეშ არსებულ კანს. თუ პროცედურის დამოუკიდებლად ჩატარება გიჭირთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები – სთხოვეთ, ბავშვის ხელი დაგიჭიროთ, რომ მოძრაობისას უნებლიეთ არ ატკინოთ. თუ გეშინიათ ან სხვა მიზეზით ვერ აჭრით ჩვილს ფრჩხილებს, ჩააცვით ზედატანი ბოლოებამოკერილი სახელოებით – ასე სახეს ვერ დაიკაწრავს. ფეხის ფრჩხილების მოვლა უფრო რთულია, მაგრამ ნუ აღელდებით, ჩვილებს ფრჩხილები კანში არ ჩაეზრდებათ. თუ პატარას წვეთი სისხლი მაინც გამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა არასწორად ჩაატარეთ. არ დაიბნეთ, სუფთა სტერილური ბამბა მაგრად მიაჭირეთ სისხლიან ადგილზე, შემდეგ კი იოდი დააწვეთეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით, რომ გარშემო სიწითლე არ გაჩნდეს.

თქვენი რეკლამის ადგილი

თუ ანთება განვითარდა

კანის სიწითლე ანთებაზე მეტყველებს. ანთების ადგილას კანი თავდაპირველად შეშუპებული, გაწითლებული და მტკივნეულია, შემდეგ კი ინფექციის შეჭრის გამო იწყება ჩირქოვანი პროცესი – პანარიციუმი. თუ მას არ ვუმკურნალეთ, შეშუპება თითის ფალანგებზე, მთელი ფრჩხილის გასწვრივ გავრცელდება. ასეთ დროს თითი შეშუპებულია, გახურებული, კანი მუქი წითელია. ჩვილი წუხს, ჭირვეულობს. უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ. ანთების ჩასაქრობად შეგიძლიათ მოამზადოთ ცხელი მარილიანი აბაზანა: 1 ლიტრ თბილ წყალში გახსნათ 5-7 სადილის კოვზი ზღვის ან მსხვილი მარილი, წამოადუღოთ და გააგრილოთ. ჯერ თვითონ შეამოწმეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააყოფინეთ პატარას თითი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, პორცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მარილიანი აბაზანის შემდეგ თითი გაამშრალეთ და დაადეთ ნახვევი დიმექსიდის 10%-იანი ხსნარით: 1 ჩაის კოვზ დიმექსიდის ხსნარს დაუმატეთ 2-4 ჩაის კოვზი თბილი ანადუღარი წყალი და ბავშვს თითი ამ ხსნარში დასველებული დოლბანდით გადაუხვიეთ. 3-4 საათის შემდეგ ნახვევი გამოუცვალეთ. შეგიძლიათ, ანთების საწინააღმდეგო მალამოებიც გამოიყენოთ.

მარილიანი აბაზანებისა და ნახვევების მონაცვლეობით 5-7 დღეში ანთებითი პროცესი ჩაქრება და შეშუპება ჩაცხრება. ფრჩხილების მოჭრის შემდეგ არასასურველი პრობლემები რომ არ შეგექმნათ, ზუსტად დაიცავით ფრჩხილების მოჭრის წესები. კიდევ ერთს გირჩევთ: ეს პროცესი პატარებისთვის არასასიამოვნო და ხშირად მტკივნეულია, ამიტომ ყოველთვის აპროტესტებენ და წინასწარ განიცდიან ფრჩხილების დაჭრას. ეცადეთ, პროცედურა თამაშს, გართობას დაამსგავსოთ, წინასწარ აჩვენოთ საკუთარ თითზე, როგორ იჭრით ფრჩხილებს.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles