22 მაისს, რუსთავში, ქალაქის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა. დედა შვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი პარკის ტერიტორიაზე ეტლით პატარასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ დამნაშავემ 5-ჯერ გაისროლა და უმოწყალოდ მოკლა ორი ახალგაზრდა ქალი. ამ სასტიკი დანაშაულის შემდეგ დამნაშავეს გაქცევა არ უცდია, თავად დარეკა პოლიციაში და იქვე დაელოდა სამართალდამცავების მოსვლას. ხალხის თვალწინ დაადეს მას ხელბორკილები. მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ, სასიკვდილოდ განწირულ დედას და არც მის ქალიშვილს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ორივე მოკლული ძირს ეგდო. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ ფაქტის თვითმხილველი მეეზოვე ქალბატონი ამბობს, რომ გასროლის ხმაზე მივიდა იმ ადგილას, საიდანაც სროლა ისმოდა და უმძიმესი სურათი დახვდა.
„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა გავიგე. გოგონები გარბოდნენ შეშინებულები, რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით იქითკენ, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ვნახეთ ორი გარდაცვლილი ეგდო ძირს. აქეთ კი ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგნით, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა, არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში. მერე დავინახე ხელბორკილები რომ დაადეს და წაიყვანეს. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი თან ჰქონდა”, – აცხადებს თვითმხილველი.
პატარა ბიჭუნა, რომელიც ეტლში იწვა, თავად სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. არ იყო გამორიცხული მამამისის ნასროლი ტყვიები ბავშვსაც მოხვედროდა. ბავშვი სასწრაფოს ექიმებმა კარგად დაათვალიერეს. როგორც ამბობენ, მას არანაირი დაზიანება არ აქვს. სამწუხაროდ პატარა ბიჭი ობლად გაიზრდება და მამას მოუწევს მისთვის ალბათ წლების მერე იმის ახსნა, თუ რატომ მოუკლა დედა და ბებია.
მკვლელობაში ბრალდებულის 28 წლის გიორგი ფირაშვილია, ირკვევა, რომ იგი ცოლსა და სიდედრს ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა ჩვილთან ერთად კლინიკიდან ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. ადგილზე გარდაიცვალა 21 წლის მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი. შს სამინისტრომ მალევე გაავრცელა ინფორმაცია და მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება დაადასტურა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა სამართალდამცავებს, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ერთი ვერსიით, ცოლ- ქმარი გაშორებულები იყვნენ, ბიჭი გოგოს შერიგებას სთხოვდა, მაგრამ რადგან მარიამი არ ურიგდებოდა და ეს გახდა მკვლელობის მიზეზი, მეორე ვერსიით, მიზეზი ეჭვიანობა იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ვერსიას არსებობის საფუძველი არ აქვს.
როგორც ამბობენ, ისინი ორი თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა გიორგი ხშირად მოდიოდა მათ სახლში და შერიგებას სთხოვდა. ბოლოს ის მათ სახლთან ორი დღის წინ ნახეს. ამიტომ ყველა შეძრულია ამ ამბით და მომხდარის ახსნა უჭირთ.
როგორც ირკვევა, ინგა ბეგაშვილი მეუღლეს დაშორებული იყო და მან წვალებით გაზარდა 5 შვილი. სამწუხაროდ ამ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ობლად დარჩნენ მარიამის და – ძმები. მარიამი ყველაზე უფროსი იყო. მას ჰყავს ულამაზესი დაიკო, რომელიც მოდელია, ხოლო მისი სხვა დედმამიშვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ყველაზე პატარა 9 წლის არის. როგორც შევიტყვეთ, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილი სიღნაღის ერთ- ერთი სოფლიდან არის. მას და მარიამს რუსთავში ჰქონდათ ბინა ნაქირავები და დაშორებამდე იქ ცხოვრობდნენ. გიორგი რუსთავში მუშაობდა. როგორც მათი ახლობელი ქალბატონი გვეუბნება, წყვილმა ოჯახი სიყვარულით შექმნა და ამიტომ გაოგნებულია მომხდარით და ვერ აუხსნია ეს ტრაგედია ოჯახში რატომ უნდა დატრიალებულიყო.
“შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები ვართ და ამიტომ მართლა შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ამბით. მას შემდეგ რაც ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ უბრალოდ შოკი გვაქვს ყველას. უზომო სიყვარული ჰქონდათ. მარიამი ჩვენთან რესტორანში მიმტანად მუშაობდა. მას დეიდა ჰყავს სიღნაღში და ზაფხულობით სულ ჩამოდიოდა დეიდასთან. დეიდაშვილები მისი თანატოლები არიან. ზაფხულში დრო რომ უქმად არ დაეკარგა, ჩვენთან დაიწყო მუშაობა, რომ შემოსავალი ჰქონოდა და ოჯახსაც დახმარებოდა. ბიჭი ჩვენთან მემწვადედ მოვიდა თავიდან, მერე ისიც მიმტანად მუშაობდა, რადგან კომუნიკაბელური იყო, ენებიც იცოდა. დღეს მთელი დღე კომენტარებს ვკითხულობ და იმდენად ცუდი კომენტარებია, რომ მეტირება. მართლა საშინელება ჩაიდინა, იმდენად კარგი ადამიანი იყო გიორგი, რომ ვერ წარმოვიდგენდი მისგან ასეთ დანაშაულს. უზომოდ კეთილი ბიჭი იყო, კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია სამწუხაროდ. ნეტა გენახათ როგორ სიყვარული ჰქონდათ. ნიშნობაც ჩვენს რესტორანში ჰქონდათ. რუსთავიდან აქ ჩამოვიდნენ, რადგან აქ გავიცანით ერთმანეთი და ჩვენი სიყვარული აქ დაიწყო, აქ აღვნიშნავთო. ისე რუსთავში ცხოვრობდნენ, როგორც ვიცი, ნაქირავები ჰქონდათ ბინა. აქ აღნიშნეს ქორწინება. უზომოდ გვიხაროდა ისეთი ბედნიერები იყვნენ. ეს სუფრა შარშან, ზაფხულში იყო და არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო ერთ წელიწადში ასეთი, რომ საქმე ამხელა ტრაგედიამდე მივიდა. სანამ შეუღლებოდნენ ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი და ამის მერე გადაწყვიტეს ქორწინება. ორმხრივი გრძნობა იყო. მარიამი ძალიან ლამაზი, თოჯინასავით გოგონა იყო. თავისი ფული რომ ჰქონოდა ამიტომ მუშაობდა. უჭირდა ეკონომიურად ოჯახს. 5 დედმამიშვილები არიან, მამა არ ჰყავთ, მარიამისგან ვიცი, პატარები მიგვატოვაო და დედამ წვალებით გაზარდა. დედამისი ნიშნობაზე გავიცანი. იყვნენ სუფრაზე მისი და ძმები. ულამაზესი და ჰყავს, რომელიც მოდელია და როგორც ვიცი, ის გოგონაც მუშაობს და ეხმარებოდა ოჯახს. დანარჩენები პატარები არიან. 9 წლის, 12 წლის, 16 წლის. ამ ტრაგედიის შემდეგ სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ თურმე გიორგი და მარიამი ორი თვის გაშორებულები ყოფილან. ჩვენ გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ. ძალიან დიდი შოკია, ჩვენ თვალწინ გაზრდილი ბავშვები და ასეთი საშინელი ამბავი. გიორგი სიღნაღის ერთ ერთი სოფლიდან არის. მამამ გაზარდა, როგორც ვიცი, დედ-მამა გაცილებულები არიან. ჰყავს უფროსი და, რომელიც ჩვენთანაც არის ნამყოფი. უზომოდ კარგი პიროვნება იყო და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს დანაშაული გიორგიმ როგორ ჩაიდინა. რომ გავიგეთ დღეს ეს ამბავი, მართლა არ დავიჯერე. არ არსებობს გიორგის ჩაედინა- მეთქი, მართლა ჭორი მეგონა, იმასაც ვიძახდი, ალბათ სხვა არის ამ სახელი და გვარით მეთქი, მაგრამ ფოტოები დაიდო და უკვე ცხადი იყო სამწუხაროდ ყველაფერი. აჭრელებულია ყველაფერი. წარმოუდგენელია რატომ მოხდა ეს არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, რომ გიორგიმ მსგავსი რამ ჩაიდინა. ნაქირავებში ცხოვრობდნენ, რომ წავიდნენ მერე არ მქონია ხშირი ურთიერთობა, შვილის შეძენა მივულოცე და ორსულობის პერიოდში ვიგებდით მარიამის ამბებს, რადგან ჰემოგლობინი დაბალი ჰქონდა. მივულოცეთ შვილის შეძენა და ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. თვეების არის მათი შვილი და რა უნდა მომხდარიყო ამ ერთ წელში, რომ ეს დატრიალდა. მისმა მეგობრებმა დამირეკეს, ყველა ერთმანეთს ვეკითხებით და არ ვიცით რა მოხდა. მარიამის დეიდა, რომელიც აქ ცხოვრობს ამჟამად გერმანიაში სამუშაოდ წასული. მარიამის დედას, ინგას კიდევ ორი და ჰყავს სულ ოთხნი იყვნენ ისინი. ინგას როგორც ვიცი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უზომოდ კარგი იყო მარიამი, პატარა თოჯინა, ისეთი საყვარელი, ლამაზი, წყნარი, მშვიდი გოგონა და ახლა დარჩა ობლად მისი პატარა ბიჭიც. მარიამისგან ვიცი, პატარები ვიყავით მამამ რომ დაგვტოვაო და დედა ზრდიდა წვალებით. გაშტერებულები ვართ, ვერაფრით წარმოვიდგენ ამას. რამ მიიყვანა გიორგი ამ მდგომარეობამდე. ვიღაცებმა დაწერეს ორი თვეა დაშორებულები არიან და სულ მოდიოდა და ცდილობდა შერიგებას, მაგრამ მარიამი არ ურიგდებოდა, რადგან ბოლო კონფლიქტის დროს ფიზიკურად შემეხო და ამას არ ვაპატიებ, აღარ შევურიგდებიო. ორივე იყვნენ ანგელოზები და ჰქონდათ წრფელი, ნამდვილი სიყვარული და მერე ერთ წელში რა მოხდა, არ ვიცი. ასეთი ფაქტი ჩაიდინა გიორგიმ და არ ვამართლებ რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანია მასზე ცუდის თქმა მართლა არ შემიძლია და გული მტკივა სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ვკითხულობ. დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, სამართალდამცავები ჰკითხავენ ახლობლებს, ოჯახის წევრებს. დაიკითხება თავად ბრალდებული. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. და მისი ჩვენება მოგვიანებით გახდება ცნობილი. ალბათ ჩაუტარდება ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც და გაირკვევა უფრო მეტი დეტალი. ჩვენს მკითხველებს მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას ამ შემზარავ უმძიმეს დანაშაულის ახალ დეტალებზე. მოკლული დედა შვილის ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ისინი სახლში მიასვენეს. რა იციან მომხდარზე ახლობლებმა, ესეც გაცხადდება. ჩვენც სამძიმარს ვუცხადებთ მოკლული დედა შვილის ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ ფემიციდი ისევ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში.
(სპეციალურად საიტისთვის)