თბილისის საინტერესო ისტორიაში არსებობს ისეთი ფაქტები, ამბები, რომელთა შესახებაც ბევრს არც სმენია და ისინი არც სკოლაში ისწვლება. თუმცა ჟურნალისტი და ამჟამად თბილისის საკრებულოს დეპუტატი, “თბილისური ამქრის” წევრი და უბრალოდ თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი – ალეკო ელისაშვილი ხუთ ისეთ ფაქტს გვიყვება, რომელიც მართლაც დაგაინტერესებთ:
– ვინც თბილისის ისტორიას უღრმავდება, ბევრს დააინტერსებს, თუ სად იყო ჩვენს ქალაქში სიკვდილით დასჯის ადგილი. ის ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში “სარჩობელაზედ” აქვს ნახსენები. მოთხრობას კარგად თუ წაიკითხავთ, აღწერილია, რომ ეს ადგილი ავლაბრის მაღლა იყო, იქ, სადაც ხალხი ადიოდა. აღნიშნული ტერიტორია კი დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის უკანა მხარეა. ის ოფიციალურ სასაკლაოდ რუსებმა შემოიღეს და როგორც დანარჩენ რუსეთის ქალაქებში – “ლაბავაია პლოშჩად” ერქვა, (ქართულად – “თხემის მოედანი”).
თბილისში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი ყაჩაღი, დაუნდობელი ავაზაკი – ტატო წულუკიძე ცხოვრობდა, რომელიც ბოლოს ავლაბარში სწორედ იმ აღნიშნულ ადგილზე ჩამოახრჩვეს. სწორედ ეს ტატო ჰყავს ილიას მოთხრობაში პროტოტიპად გამოყენებული.
იმ სასაკლოს შესახებ სხვებიც წერდნენ, მაგალითად, დიუმა. ქალაქში რომ შემოვიდა, ამაღლებულ ადგილას აღმართული სახრჩობელა დაინახა, რომელზეც კაცი იყო ჩამომხრჩვალი…
მერე იმ ადგილს “ვარდის მოედანი” დაერქვა, იმ მოსაზრებით, რომ იქ ბევრი სისხლი იღვრებოდა…
***
ქაშუეთის ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში ინგრეოდა. დავით სარაჯიშვილმა მისი განახლება გადაწყვიტა. ჯერ შეასწავლინა რამდენად შეიძლებოდა მისი გამაგრება, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, გამაგრებისთვის გაღებული თანხა, უაზრო ხარჯი იქნებოდა, არაფრით განახლდებოდა და ამიტომ, მეცენატის ინიციატივითა და დაფინანსებით, გადაწყვიტეს, დაენგრიათ ძველი ქაშუეთი და მის ნაცვლად, ახალი ეკლესია აეგოთ. ახლის აშენება გერმანელ არქიტექტორს, ბილ ფელდს სთხოვეს. სარაჯიშვილს სამთავისის ტაძარი მოსწონდა და უთხრა, რომ ნიმუშად ის აეღო. ბილ ფელდმა მართლაც ააგო ქაშუეთი, მაგრამ ბევრი მისი შექმნილით უკმაყოფილო დარჩა. სამთავისისგან განსხვავებით, ტაძარი ცივი გამოვიდაო, – მაშინ ასე ამბობდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ გერმანელი ვერ ჩასწვდა ქართული საკულტო ნაგებობის არქიტექტურას.
***
ყველამ იცის თბილისში, ზემო ჩუღურეთში, ერთ-ერთი დასახლება – სვანეთის უბანი, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ რადგან მაღლაა, ამიტომ ჰქვია სვანეთის უბანი და ასევე იმასაც ამბობენ, რომ იქ ადრე სვანები ცხოვრობდნენ და ეს სახელი ამიტომ ეწოდაო. არადა, ამ უბნის ტერიტორიაზე ადრე ტყე იყო და იქაურობა დაუსახლებელი ტერიტორია გახლდათ.
XIX საუკუნის ბილოს იქ გორის რაიონის სოფელ სვენეთიდან ხალხი ჩამოსახლდა და იქაურობა აითვისეს. მოკლედ, იქ სვენეთელები დასახლდნენ. თავიდან, “სვენეთის უბანს” ეძახდნენ, მერე ამ სიტყვამ “სვენეთი” გარკვეული ცვლილება განიცადა და გახდა “სვანეთი”.
***
ფუნიკულორი, რომელიც 1905 წელს აშენდა, თბილისს ძალიან უხდება. ახლაც კი ძვირი დაჯდებოდა იმ ციცაბო ფერდობზე მისი აშენება, ლიანდაგების გაყვანა, მით უფრო მაშინ… ბევრს ჰგონია, რომ რადგან კარგი ხედია იქიდან, კარგი სასეირნო ადგილია, ფუნიკულორიც ამიტომ გაკეთდა. სინამდვილეში ასე არ არის. მშენებლობა XX საუკუნის დასაწყისში იქ იმიტომ წამოიწყეს, რომ ზემო ქალაქის გაშენებას აპირებდნენ, რადგანაც თბილისი მტკვრის აღმა და დაღმა ძალიან გაიწელა, ფიქრობდნენ, რომ
მთაწმინდის პლატო ახალი ქალაქისთვის გამოეყენებინათ. იქაურობა მართლაც მიწის ნაკვეთებად დაიყიდა, დაიხაზა, ქუჩათა ქსელიც შეიქმნა. მოკლედ, მდიდრების უბნი იყო დაგეგმილი და ამიტომ ასეთი ბიზნესპროექტი მოიფიქრეს. ბელგიელებმა დაპროექტეს. უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო, მაგრამ იქ მშენებლობის პირველი ეტაპი რომ დამთავრდა, რუსეთის იმპერიაში და განსაკუთრებით, თბილისში 1905-07 წლებში პირველი რევოლუცია დაიწყო. ქალაქში გამოსვლები იყო, მაუზერიანი ხალხი დარბოდა, არეულობა, არასტაბილური სიტუაცია იყო და სამშენებლო ბიზნესი, ცხადია, იმ პერიოდში წინ ვერ წავიდოდა, დეველოპერებს არ უყვართ არეულობა და ამიტომ რადგან შეჩერდა, იმის მერე ჩავარდა კიდეც ეს პროექტი. თუმცა ქალაქს დარჩა ფუნიკულორი.
შემდეგ წლებში ფიქრობდნენ, რა ექნათ იქაურობისთვის და ბოლოს ბერიას დროს სტალინის სახელობის პარკი გაშენდა, რომელიც დღეს “ბომბორას” სახელს
***
საქართველოში პირველად კარტოფილი თბილისში გასინჯეს მას შემდეგ, რაც გერმანელები 1918 წელს ჩვენთან გადმოასახლეს. ტფილისში იმხანად იყო ორი სოფელი: აოხრებული კუკია-ჩუღუღეთის ადგილას და “ნოიე ტიფლისი,” დღევანდელი სამტრედიის ქუჩის ტერიტორიაზე, ანუ ალქსანდერედორფი. გერმანელები ამ ადგილებში რომ დასახლდნენ, იმის მერე გავიგეთ კარტოფილის გემო, ასევე ლუდის (მთის ლუდი კი გვქონდა, მაგრამ ის ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა), ასევე გავსინჯეთ არაჟანი, ფუნთუშა და ხის კასრიც პირველად მაშინ შემოვიდა ხმარებაში. შემდეგ წლებში კი სტალინმა ისინი აქედან გაასახლა. დღევანდელი აღმაშენებელის გამზირზე მთლიანად გერმანელების დასახლება იყო, რომელსაც ბოლოს გერმანულ კოლონიას ეძახდნენ. იმ პერიოდში გერმანელები იყვნენ ბოლნისსა და თეთრწყაროშიც. მერე როგორც გითხარით, სტალინმა იქიდან აჰყარა და გაასახლა…