ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა, ნუგზარ ცეცხლაძე, „იმედის კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბავშვები მის სიახლოვეს თამაშობდნენ, როდესაც ვერ შეამჩნიეს თხრილი და წყალში ჩავარდნენ. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„მანქანას ვაკეთებდი, ბავშვები ჩემთან ახლოს იყვნენ და თამაშობდნენ. წვიმის გამო წყლის დაგუბება მოხდა, ბავშვმა ვეღარ შენიშნა თხრილი და ჩავარდა. ჩვენს ოჯახს არ ჰქონია იმის საჭიროება, რომ ჯართი ეკრიბა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვები უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და მოულოდნელად ჩავარდნენ. ისედაც უდიდეს ტკივილს ვატარებ და ყველას ვთხოვ, ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ,“ – განაცხადა გარდაცვლილის ბაბუამ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, რომელთა გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.