ალბათ დამეთანხმებით, რომ ოჯახში დიასახლისებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკას სარეცხის მანქანა წარმოადგენს. ხარისხიანი მანქანის ყიდვისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აუცილებელია თქვენი სარეცხის მანქანა თქვენს ოჯახზე იყოს მორგებული, ამავე დროს იყოს ხარისხიანი და გამძლე. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სარეცხის მანქანის შეძენა გსურთ ან გაინტერესებთ, როგორ მოუაროთ უკვე არსებულს, გამოცდილი ხელოსნის ბატონი ბეჟან ბუცხაშვილის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ საუკეთესო ხარისხის მანქანა შეიძინოთ.
– მეცამეტე წელია ტექნიკის მაღაზიის ერთ-ერთ სერვის-ცენტრში, სარეცხის მანქანებზე ვმუშაობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კარგი მანქანა შემოდის ბაზარზე. ძალიან
კარგი, გამოცდილი მანქანებია “ბეკო”, “სამსუნგი”, “ელ-ჯი”, მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს მანქანა, ხელის შეწყობა აუცილებლად სჭირდება. უმეტესად გადატვირთვის გამო, ბევრი სარეცხის შეყრის გამო გამოდის მანქანა მწყობრიდან – რა წონაც უწერია, იმაზე მეტი არ უნდა გაარეცხინოთ და აუცილებლად კარგად შეისწავლოთ ინსტრუქცია, სანამ მანქანას აქტიურად გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილი იცვლება, შესაძლებელია შეკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული.
– რა განსხვავებაა ძვირიან და იაფფასიან მანქანებს შორის?
– პირველ რიგში განსხვავებაა ხარისხში. მანქანები არის ჩინური, თურქული, რუსული და ა.შ. სულ ახლახან შემოვიდა მანქანები, რომლებსაც ჩამონტაჟებული აქვთ საშრობი – როცა რეცხვის პროგრამას დაასრულებს მანქანა, ჩაურთავ გაშრობის პროგრამას და სრულად აშრობს სარეცხს. ანუ სარეცხის გაფენა და გაშრობა აღარ უნდა, პირდაპირ მანქანაში შრება. ხარისხიანი მანქანები არის გაუმჯობესებული ძრავებით და ამ დროს ქარხანა იძლევა ათწლიან გარანტიას და არის ძალიან ხარისხიანი მანქანები.
– ყველაზე ხშირად რა აფუჭებს მანქანას? რა უნდა გაითვალისწინოს დიასახლისმა, რომ მანქანა მალე არ გაფუჭდეს?
– პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის გასათვალისწინებელი, მანქანა არ უნდა დავამონტაჟოთ ნესტიან ადგილას, მაგალითად, აბაზანაში. ორთქლს წყობიდან გამოჰყავს მანქანა, იჟანგება კორპუსი და ა.შ. სასურველია დააყენოთ მშრალ ადგილას. ყველანაირ ტექნიკას უნდა ხელის შეწყობა. აუცილებლად უნდა დავიცვათ წონა. ინსტრუქციაში რაც არის მითითებული, იმ წონაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყაროთ. ასევე სახლში გაყვანილობა უნდა იყოს ნორმალური, არ უნდა იყოს სუსტი მავთულებით, რომელიც ადვილად იწვება, ვერ უძლებს ძაბვას, არ უვარგა კონტაქტები და ა.შ. თუ მოკლე ჩართვები ხდება ქსელში, ეს ძალიან მოქმედებს მანქანაზე.
– რა ინტერვალით უნდა გავწმინდოთ მანქანა და თუ არსებობს სპეციალური ხსნარები, მის გასაწმენდად?
– მანქანაში ყოველთვის გროვდება ნარჩენები, ძაფები, ბუსუსები, ხურდა ფული და სხვა. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ და გამოასუფთაოთ მანქანა. არის სპეციალური ხსნარებიც, მაგრამ ძირითადად “კალგონს” ხმარობენ. “კალგონზე” უფრო ეფექტური და იაფია ლიმონმჟავა, რომელსაც ვიყენებთ საკვებად. რეკომენდაციას ვუწევ, რომ ექვს თვეში ერთხელ ამ მეთოდით გამორეცხონ მანქანა: ორი სამი შეფუთვა ლიმონმჟავა ჩაყარეთ ცარიელ მანქანაში, მანქანა ჩართეთ თეთრეულის ან სინთეტიკის პროგრამაზე – 60 გრადუსზე, აცადეთ, მანქანამ დაასრულოს პროგრამა. თუ რამე ჭუჭყი და ნადებია დაგროვილი მანქანაში, სულ გამოასუფთავებს.
– რა დროს უნდა გამოვიძახოთ ხელოსანი, რომ მანქანა სულ არ გაფუჭდეს და გარკვეული პრობლემა შორს არ წავიდეს?
– როგორც კი შეამჩნევთ მანქანას, რომ შეეცვალა ხმა, ან ვიბრაცია აქვს და ძაგძაგებს, სასურველია მაშინვე გამოიძახოთ ხელოსანი. ზოგიერთი ადამიანი გადადებს, დროზე არ მიიღებს ზომებს და ამით უარესი ემართება მანქანას. თუ ერთი ნაწილია გაფუჭებული, დროთა განმავლობაში ის მეორე ნაწილსაც აზიანებს. შემდეგ უკვე ბევრად ძვირი ჯდება მისი შეკეთება.
– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მომხმარებლების უმეტესმა ნაწილმა სწორად იცის მანქანების გამოყენება?
– უმეტესობა სწორად იყენებს. როცა სარეცხის მანქანებს ყიდულობენ, კონსულტანტი უხსნის მათ მოხმარების წესს. თუ რამეს ვერ გაიგებთ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ მათ. როცა ყიდულობ მანქანას, მოტანა და მონტაჟი შედის ფასში, როცა მოვლენ და დაამონტაჟებენ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ, აახსნევინოთ რა და როგორ გააკეთოთ, როგორ მოიხმაროთ ტექნიკა. ზოგჯერ არ იცავენ იმ ინსტრუქციას, რაც მოჰყვება მანქანას, ამიტომ მალე ზიანდება და ფუჭდება იგი. ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად დაიცავით ინსტრუქცია.
– სარეცხის მანქანის არჩევისას, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გამოეპაროს მყიდველს?
– პირველ რიგში წონა. მანქანის წონა უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რამდენად ხშირად აქვს დატვირთვა მანქანას. რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვან ოჯახში უფრო მეტია სარეცხი. თუ პატარა ოჯახია, ხუთკილოიანი სარეცხის მანქანაც საკმარისია. თუ დიდი ოჯახია, შვიდკილოიანი სარეცხის მანქანა მაინც უნდა შეიძინონ. ეს უპირველესი კრიტერიუმია. შემდეგ უნდა გაამახვილოთ ყურადღება სერვისზე, რამდენწლიან გარანტიას გაძლევთ ფირმა. რაც უფრო მეტია გარანტია, მით უკეთესი ხარისხისაა მანქანა. ეს არ ეხება მხოლოდ სარეცხ მანქანას, ასეა ყველა სახის ტექნიკის შემთხვევაში. სხვა დანარჩენს მაღაზიაში კონსულტანტები თავად აუხსნიან მომხმარებელს.
– დღის განმავლობაში რამდენჯერმე რომ გარეცხოს დიასახლისმა მანქანაში სარეცხი, ეს ხომ არ დააზიანებს მანქანას?
– ამით არანაირი პრობლემა არ შეექმნება მანქანას. სასტუმროებში და საავადმყოფოებში რომ აყენია სარეცხის მანქანები, გაუჩერებლად აქვთ ჩართული. ზოგიერთს ჰგონია, რომ დაამთავრებს პროგრამა რეცხვას, უნდა დაასვენო მანქანა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ადამიანი ხომ არ არის, რომ დაიღალოს?
– დღეს რა მანქანებიც შემოდის, მათ შორის ყველაზე მუშა და გამძლე მანქანები რომელია?
– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგად მუშაობს “ელექტროლუქსი”, “ელ-ჯი”, “სამსუნგი”, “ბეკო”. ამ ფირმის მანქანები საუკეთესო მანქანების ათეულში შედის. “ბოშის” მანქანებიც კარგია, უბრალოდ “ბოშის” ნაწილებიც და მომსახურების სერვისიც ძვირია.
– საქართველოში თუ შეგხვედრიათ ამ ფირმების პატენტი მანქანები?
– არა, ასეთი მანქანები საქართველოში არ შემოდის, მე პირადად არასოდეს შემხვედრია. ძირითადი ტექნიკა, რაც საქართველოში შემოდის, არის ჩინური. თურქული “ბეკოს” მანქანები არის ძალიან კარგი ხარისხის, ასევე “ინდეზიტი” და “არისტონი”. რუსეთიდან შემოსულ “ინდეზიტს” ისეთი ხარისხი არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს.
– ხშირად ფეხსაცმელსაც რეცხავენ მანქანაში. ეს არ აზიანებს ბარაბანს?
– შიგნიდან მანქანას აქვს პლასტმასის სატრიალებელი, რომელიც იჭერს სარეცხს, რომ ბარაბანში იტრიალოს. ფეხსაცმელი იმ პლასტმასს ამტვრევს. ნაჭრის ბოტასები კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ერთ რამეს აღვნიშნავ, მაინც არ არის სასურველი ქუჩაში ნასიარულები ფეხსაცმელი, რომელიც უამრავ ბაქტერიას და სიბინძურეს იკრავს, გავრეცხოთ იქ, სადაც შემდეგ ბავშვის, ან თუნდაც უფროსების ტანსაცმელს გარეცხავთ. ეს არაჰიგიენურად მიმაჩნია.