ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებით შეხვედრაში, პსჟ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
ენრიკეს კომენტარი:
„პირველი თამაშის შემდეგ კარგი უპირატესობა გვაქვს, თუმცა „ბრესტი“ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არაერთხელ დაბრუნებულა თამაშში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ეს არის გუნდი, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა გრძელი გადაცემების დროს, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ და ჩვენი თამაშის ხარისხზე ვიფიქროთ.“
„ქამბექები ფეხბურთში ხშირია, ბარსელონას მაგალითიც გამოგვადგება – დაუვიწყარი დაბრუნება გვაჩვენა. ხვალ საჭიროა, ორივე ფაზაში – როგორც შეტევაში, ისე დაცვაში – სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მოდუნება? ჩემგან ამას ვერ ნახავთ, ეს ჩემს დნმ-ში არ არის.“
ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შესახებ ენრიკემ განაცხადა: „ის ითამაშებს, მაგრამ სასტარტოში იქნება თუ არა, ამას ხვალ გაიგებთ. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შრომითა და ვარჯიშით, თუმცა ახალ გუნდში სრულად შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდება. არსად გვეჩქარება.“
მისივე თქმით, „გუნდის განწყობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, სადაც მეტი სიზუსტე გვმართებს. ვიბრძვით ყველა ტურნირზე, ამიტომ უფრო დიდი კონკურენციისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პსჟ-მ 3:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი ხვალ, 23:55 საათზე გაიმართება.